Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N87

2006 წლის ივნისი

 

დრაონი საფრანგეთის წინააღმდეგ (Draon v. France)

(საჩივარი- 1513/03)

გადაწყვეტილება, 21 ივნისი, 2006 (მე-2 სექცია)

მე-8 მუხლი

ფაქტები 1996 წლის გაზაფხულზე, ქალბატონი დრაონის პირველი ორსულობისას, ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა ფეტუსის ანომალია. პაციენტს ჩაუტარდა ამნიოცენტეზის ქირურგიული პროცედურა – სანაყოფე ბუშტის ფუნქცია და ამნიოტური წყლის ნიმუში გაგზავნილ იქნა ციტოგენეტიკურ ლაბორატორიაში. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფეტუსს არ ჰქონდა დარღვევები, თუმცა მშობიარობიდან მალევე გამოვლინდა, რომ ბავშვს ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, მათ შორის, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, აგრეთვე, ქრომოსომური ანომალიის მიზეზით – თანდაყოლილი კარდიოპათია. პროფესორმა, რომელმაც ქალბატონ დრაონს ჩაუტარა ამნიოცენტეზის პროცედურა, დაადასტურა, რომ გამოკვლევის შედეგად დასვა არასწორი დიაგნოზი, ამნიოცენტეზის პროცედურის დროს შესაძლებელი იყო ნებისმიერი ანომალიის აღმოჩენა და გამოხატა სინანული, რომ ფეტუსის მე-11 ქრომოსომებს შორის შეუსაბამობა, ასიმეტრია თვალთახედვის არიდან გამორჩა.

 

სამედიცინო დასკვნის თანახმად, დრაონის შვილს ჰქონდა ცერებრალური პათოლოგიები, რომლებიც იწვევდა მნიშვნელოვან დარღვევებს და ტოტალურ, სრულ უუნარობას, რასაც თან ახლდა წონის მატება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვდა მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს მისი ყოველდღიური მოვლის, ზედამხედველობისა და განათლებისთვის.

 

თავდაპირველად მომჩივნებმა მიმართეს ციტოგენეტიკური ლაბორატორიის კლინიკას კომპენსაციის მიღების მოთხოვნით. საპასუხო წერილით კლინიკამ აცნობა მომჩივნებს, რომ ამ საქმეზე დაწესებულება პასუხისმგებლობას არ გაურბოდა, თუმცა მოუწოდებდა მშობლებს, მიყენებული ზიანის შესაფასებლად მიემართათ პარიზის ადმინისტრაციული სასამართლოსთვის სარჩელით, რომლის განხილვა ჩაინიშნა 2002 წლის 19 მარტს, თუმცა მანამდე, 7 მარტს ძალაში შევიდა „მშობელთა უფლებებისა და ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის შესახებ“ N2002-303 კანონი, რომლის პირველი ნაწილიც ვრცელდებოდა მოცემულ საქმეზე, როგორც მიმდინარე საქმის წარმოებაზე. აღნიშნულმა კანონმა შეცვალა კომპენსაციის განსაზღვრისა და დაკისრების მანამდე მოქმედი წესი, რომელიც ფრანგული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებით იყო დადგენილი. ახალი რეგულაციის მიხედვით, იმ ბავშვის მშობლებს, რომელიც დაიბადა გარკვეული შეზღუდული უნარებით და რომლის გამოვლენაც ორსულობის განმავლობაში ვერ მოხერხდა სამედიცინო პერსონალის უხეში გაუფრთხილებლობის გამო, შეეძლოთ, მოეთხოვათ კომპენსაცია მხოლოდ პირადად მათთვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც აღარ მოიცავდა ზიანს იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის გაზრდისა და აღზრდისთვის იქნებოდა გასაწევი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აღნიშნულისთვის ფრანგული კანონმდებლობა ითვალისწინებდა ეროვნული სოლიდარობის სისტემიდან კომპენსაციის გაცემას, რაც, მომჩივნების აზრით, არაადეკვატური, ბუნდოვანი და დაუზუსტებელი იყო. ახალი რეგულაციის პირობებში დრაონების მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

 

მომჩივნებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მიუთითეს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-8, მე-13, მე-14 მუხლებითა და მისი 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით (საკუთრების უფლება) მათთვის გარანტირებული უფლებები და, ამდენად, ჩამოართვა სრული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, რომელიც მათი  შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყო აუცილებელი.

 

სამართალი -

 

კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა

 

მომჩივნები, სხვა მუხლებათან ერთად, დავობდნენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.

 

110. პირველი საკითხი, რომელიც განხილული უნდა იქნეს, არის გამოიყენება თუ არა კონვენციის მე-8 მუხლი მოცემულ საქმეში, ანუ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ შშმ პირებთან დაკავშირებით გატარებულ ზომებს ჰქონდათ თუ არა რაიმე ზეგავლენა მომჩივანთა უფლებაზე ჰქონოდათ ნორმალური ოჯახური ცხოვრება.

111. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო, წინამდებარე საქმეში, საჭიროდ არ მიიჩნევს ამ საკითხის განხილვას, ვინაიდან (თუნდაც იმ ვარაუდით, რომ შეიძლება კონვენციის მე-8 მუხლი ყოფილიყო გამოყენებადი), იგი მიიჩნევს, რომ მომჩივნების მიერ სადავო სიტუაცია არ წარმოადგენს ამ დებულების დარღვევას.

 

112. სტრასბურგის სასამართლო უთითებს 2002 წლის 4 მარტის კანონის 1-ელ ნაწილზე, რომელმაც შეცვალა არსებული სამართლებრივი პოზიცია სამედიცინო პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებით. Perruche-ს გადაწყვეტილების და ქვეყნის მაშტაბით დაპირისპირებული დებატების საპასუხოდ, რომელიც ასახავდა აზრთა სხვადასხვაობას საფრანგეთის საზოგადოებაში, საფრანგეთის პარლამენტმა, დაინტერესებულ სხვადასხვა პირებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ჩართულიყო შეზღუდული შესაძლებლობებით დაბადებული ბავშვებისათვის და მშობლებისათვის განცდილი ზიანის ანაზღაურების ახალი სისტემის შექმნაში, რომელიც განსხვავდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო სასამართლოების პრეცედენტული სამართლისგან. ახალი წესების ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც Conseil d’Etat-მა საკუთარ 2002 წლის 6 დეკემბრის დასკვნაში განმარტა, არის ის, რომ მშობლებს აღარ შეუძლიათ კომპენსაცია მიიღონ დაუდევარი მხარისგან ზიანისთვის, განსაკუთრებული ტვირთის სახით, რომელიც მათ მიადგათ შვილების მთელი ცხოვრების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობებით. ეს წესები იყო პარლამენტში ყოვლისმომცველი დებატების შედეგი, რომლის დროსაც გაითვალისწინეს იურიდიული, ეთიკური და სოციალური მოსაზრებები, და საკითხები რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სწორ ორგანიზაციას და თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას. როგორც Conseil d’Etat -მა ზემოთ ნახსენებ მოსაზრებაში აღნიშნა, პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა ზოგადი ინტერესის საფუძვლებს და ამ საფუძვლების სისწორე სტრასბურგის სასამართლოს არ შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს. ამით იგი ასრულებდა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინიმუმ ერთ ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვას.

 

113. განსახილველმა დებულებებმა კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევით ჩამოართვა მომჩივნებს კომპენსაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მოთხოვნაც მათ შეეძლოთ, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაეთანხმოს ამ დასკვნას.

 

114. თუმცა, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მზრუნველობისათვის გამოყოფილი ხარჯების საკითხების მოგვარება უმჯობესი იქნებოდა შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებით და არა იმ გზით, რომ სასამართლოებისთვის დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა გამოეტანათ განჩინებები ადმინისტრაციული სარჩელების საფუძველზე. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა სამართლებრივი დისპენსაცია, რომელიც 1975 წელს იქნა მიღებული, სრულიად შეიცვალა 2005 წლის 11 თებერვლის კანონთ. ევროპული სასამართლო ვერ დაიკავებს ეროვნული ხელისუფლების ადგილს სისტემის მიზანშეწონილობის შეფასების ან ამ რთულ სოციალურ სფეროში საუკეთესო პოლიტიკის განსაზღვრისას. ეს ის სფეროა, სადაც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ ფართო თავისუფალი შეფასების ფარგლები (იხ., mutatis mutandis, Powell and Rayner v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 44).

 

115. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოსთვის არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისათვის, რომ განაცხადოს, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ პრობლემის მოგვარება ან ამ მიზნით მიღებული კონკრეტული ზომების შინაარსი ეწინააღმდეგება მე-8 მუხლს (როგორც მისი პოზიტიური, ისე უარყოფითი ასპექტის გათვალისწინებით). არ შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის პარლამენტმა, შშმ პირთა კომპენსაციის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, გადააბიჯა ფართო თავისუფალი შეფასების ფარგლებს ან დაარღვია სამართლიანი ბალანსი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს.

 

116. აქედან გამომდინარე, სახეზე არ არის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები